სიახლეები

08.04.2019 - Offshore (საგადასახადო სამოთხე)

სიტყვა ოფშორი წარმოიშვა ინგლისური სიტყვა offshore-დან, რაც ნიშნავს ,,ნაპირის გარეშე“-ს. ოფშორში იგულისხმება მსოფლიოს ფინანსური ცენტრები, რაც უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისათვის არამხოლოდ საგადასახადო, არამედ სხვა არაერთ განსაკუთრებულ შეღავათს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოში დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან.

ეფექტური და მომგებიანი ბიზნესის არსებობა რთულდება ისეთ გარემოში, როგორშიც ვცხოვრობთ. ადამიანის  მაღალი ხარისხის მქონე სერვისისა და სხვადასხვა საქონლის რაც შეიძლება დაბალ ფასში ხელმისაწვდომობის სურვილი უფრო და უფრო მეტ ტვირთს აკისრებს ამათუიმ კომპანიას. რასაკვირველია, აღნიშნული პირდაპირ უბიძგებს ბიზნესის პატრონს მონახოს გამოსავალი, რაც მისცემს ხარჯების შემცირების შესაძლებლობას. თუმცა, მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებში ამგვარი მიზანი არცთუისე მარტივად მისაღწევია, რის გამოც ერთადერთ გზად რჩება მსოფლიოს სხვა ხელსაყრელი საგადასახადო კლიმატის მქონე სახელმწიფოების მონახვა, სადაც დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი გადასახადებია.

კლიენტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რომელია ყველაზე უფრო მომგებიანი და სასურველი ოფშორული იურისდიქციის მქონე ქვეყანა, არ არსებობს სტანდარტული პასუხი, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია ბიზნესის სპეციფიკაზე, კლიენტის მოთხოვნასა და რიგ გარემოებებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა სურვილის დაკმაყოფილებასთან.

ოფშორთან მიმართებით ესათუის საკითხი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით სხვადასხვანაირად არის მოწესრიგებული. შესაბამისად, ხელსაყრელი საგადასახადო შეღავათის მქონე იურისდიქციის არჩევა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ბიზნეს ოპერირებისათვის. უფრო მეტიც, ოფშორთან დაკავშირებული კანონი და რეგულაციები ხასიათდება არცთუისე იშვიათი ცვლილებებით. დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში კონკურენტუნარიანი ბიზნესისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უახლეს ცვლილებებთან რაც შეიძლება მალე და ნაკლები ხარჯის შედეგად ადაპტირება.

სწორი სტრატეგიისა და გარემოს შერჩევისათვის მნიშვნელოვანია კლიენტის აქტივობის სწორი შეფასება, რაც თავის მხრივ, მოიცავს ბიზნეს გეგმის, დასახული მიზნის, ბიზნესის სამოქმედო არეალისა და ხანგრძლივობის ანალიზს. აღნიშნულის შედეგად გაცილებით მარტივი ხდება შესაფერისი დაბალი საგადასახადო იურისდიქციის, მიმზიდველი საინკორპორაციო კანონმდებლობის, სტაბილური ფულადი ერთეულის და საბანკო ტრანზაქციებზე შეზღუდვების არმქონე, მკაცრი კონფიდენციალური სამართლის, პოლიტიკურად და ეკონომიურად სტაბილური და მზარდი გარემოს, ძლიერი საბანკო სექტორის, შესაფერისი სახელმწიფო ენისა და ამასთანავე სასურველი დროის სარტყელის მქონე იურისდიქციის შერჩევა.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  სხვადასხვა ქვეყანაში ოფშორული კომპანიისათვის საბანკო ანგარიშის არსებობა უფრო მოქნილს ხდის ბიზნეს საქმიანობას, ხოლო სხვადასხვა აქტივს მეტად ლიკვიდურს. ფულადი სახსრების არაერთ ვალუტაში არსებობა, რამდენიმე საბანკო ანგარიში სხვადასხვა ქვეყნის ბანკში, გარდა მოქნილობისა, ბიზნესს სხვადასხვა რისკებისაგანაც იცავს.

(იხ. მეტი http://lcs.ge/ge/news?n=34&i=1&w=)